სასწავლო ვიზიტი საბერძნეთში (II)

თარიღი:
21-25 ოქტომბერი 2019
 

   

აღწერა

ოქტომბერში რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი გაიმართა საბერძნეთში, ამჯერად ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებისა და იურისტების მონაწილეობით. ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე HAASOB-ისა და საბერძნეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ბიზნეს რეესტრის განყოფილების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა მოხსენებები მათი უწყებების ფუნქციონირების, HAASOB-თან არსებული აუდიტორთა და აუდიტორული ფირმების რეესტრებისა და აუდიტის კომიტეტებთან დაკავშირებით HAASOB-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შესახებ. თითოეულ მოხსენებას მოსდევდა კითხვა-პასუხი და მსჯელობა წარმოდგენილ თემაზე.

აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორებმა მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის ინსპექტირების საკითხებისადმი მიძღვნილ ვორკშოპში, რომელიც აუდიტის სფეროში ევროპის საზედამხედველო ორგანოების კომიტეტის (CEAOB) მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც HAASOB-ი მასპინძლობდა. იურისტები კი, რომლებიც ათენში სამი დღით იმყოფებოდნენ, დაესწრნენ თემატურ სემინარებს, სადაც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1 და დავის გადაწყვეტასა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული პროცესები იყო განხილული.

შედეგი

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შესაძლებლობა მიეცათ უფრო ღრმად გაეაზრებინათ ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტები. ამავე დროს, მათ მიიღეს ინფორმაცია აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, შეიტყვეს აუდიტის კომიტეტების მნიშვნელოვანი როლის შესახებ საბერძნეთში, და სხვა საკითხებთან ერთად გაეცნენ ძირითად თემებს, რომელთაც ფასს 9 და ფასს 15 შეეხება.