საჭიროებების შეფასება პროფესიული ორგანიზაციების სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების მონიტორინგის მიმართულებით

თარიღი:
15-17 მაისი 2019
 

 

აღწერა

სამუშაო ვიზიტში მონაწილე ექსპერტების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული ორგანიზაციების კომპეტენციების შემოწმებისა და მონიტორინგის კუთხით ზედამხედველობის სამსახურის მიმდინარე საჭიროებების შეფასება და დოკუმენტირება.

ბერძენმა სპეციალისტებმა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააანალიზეს დირექტივის 2014/56/EU დებულებები, რომლითაც ცვლილებები შევიდა დირექტივაში 2006/43/EC, სამსახურის ბრძანებები 2017/16 და 2017/13 და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი იმისთვის, რომ გამოევლინათ ნაკლოვანებები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ცოდნა, გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები.

 

შედეგი

საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის დებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები მოცემულია ქვემოთ.

 

დირექტივებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

  • ევროკავშირის დირექტივების თანახმად, ზედამხედველობის სამსახური პასუხისმგებელია პროფესიულ სასერტიფიკაციო პროგრამებზე (პროფესიული სასწავლო და განგრძობითი განათლების პროგრამები) და საგამოცდო პროცედურებზე. ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება გადასცეს პროფესიულ ორგანიზაციებს. დელეგირების შემთხვევაში, აუცილებელია დაზუსტდეს დელეგირებული საქმიანობა და პირობები, რომელთა დაცვით საქმიანობა უნდა წარიმართოს ისე, რომ თავიდან არიდებულ იქნას ინტერესთა კონფლიქტი. ხსენებული საკითხები ბრძანებებში N13 da N16 სათანადოდ განხილული არ არის.  
  • დირექტივაში 2006/43/EC მოცემულია პროფესიული სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსების ჩამონათვალი თეორიული ცოდნის შესამოწმებლად. ბრძანებაში N16 (თავი II, მე-16 მუხლი) სასწავლო კურსები წარმოდგენილია განსხვავებული დასახელებებითა და კლასიფიკაციით, IFAC-ის განათლების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. აუცილებელია შედგეს შესაბამისობის ცხრილი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დირექტივაში შესული ყველა კურსი სრულად არის გათვალისწინებული.
  • გამოცდებისაგან გათავისუფლების კრიტერიუმები, რომლებიც ბრძანებაში N16 არის წარმოდგენილი (თავი IV, მე-20 მუხლი), უნდა დაიხვეწოს და უფრო დაწვრილებით აღიწეროს. მაგალითად, მუხლში უნდა ჩაიწეროს დებულება კანდიდატებისთვის, რომლებსაც პროფესიული ორგანიზაციების სასწავლო კურსები გავლილი აქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით (ECTS) გაიარეს მსგავსი კურსები ნაკლები კრედიტებით.  
  • ამავე დროს, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კურსები, რომლებიც შეიძლება ამოღებულ იქნას საბაზო და შუალედურ დონეზე.
  • მე-6 მუხლის (II თავი) თანახმად, „სასწავლო კურსი უნდა წარიმართოს საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად.“ ბრძანებაში N16 სასწავლო კურსების სილაბუსები უნდა დაზუსტდეს ან სხვა შემთხვევაში ბრძანება უნდა ადგენდეს, რომ სილაბუსები ექვემდებარება ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებას.
  • მე-18 მუხლში (თავი III) აღწერილი საგამოცდო პროცესის სახელმძღვანელო უნდა დაიხვეწოს, რათა გამოხატოს საუკეთესო პრაქტიკა. მაგალითად, კონკრეტული დებულებები უნდა მომზადდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა გამოსაცდელად. გარდა ამისა, მკაფიოდ განსაზღვრული უნდა იყოს საგამოცდო ფორმატი საბაზო და შუალედური სასწავლო კურსებისთვის (მაგ. ჭეშმარიტი/მცდარი კითხვების კომბინაციები, კითხვები სავარაუდო პასუხებით და ა.შ.) (თავი II, მუხლები 15, 2ა და 4).
  • მე-19 მუხლში (თავი III) მოხსენიებული საგამოცდო კომიტეტის სტრუქტურა შესაცვლელია. გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობის ასამაღლებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების სულისკვეთების შესაბამისად, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ ზედამხედველობის სამსახურისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო კომიტეტს გარეშე პირი (უნივერსიტეტის პროფესორი) თავმჯდომარეობდეს. 
  • მე-14 მუხლში (თავი IV) გამოცდის შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილი წესები მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს ბრძანებაში N16. 
  • პროფესიული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმმართველი დაწესებულებების და სპეციალიზებული გამოცდების ჩამტარებელი უწყებების გამჭვირვალობის, ხარისხისა და დირექტივასთან შესაბამისობის მონიტორინგის წარმოების პროცესი უბრალოდ ნახსენებია მე-12 მუხლში (თავი III). აუცილებელია, აღნიშნული პროცესი დაწვრილებით იყოს აღწერილი. მაგალითად, უნდა განისაზღვროს, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი სასწავლო კურსებისა და აკადემიური პერსონალის ხარისხის კონტროლი, განიმარტოს სასერტიფიკაციო პროგრამების შეფასებისთვის გამოყენებული საზომები (თავი III, მე-11 მუხლი) და სხვ.