ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება

თარიღი: 
24-28 ივნისი 2019
 

   

აღწერა

ივნისის თვეში გამართული ერთკვირიანი სემინარი მიეძღვნა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის (ESMA) სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხს.

სემინარის ფარგლებში, მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს საბერძნეთში საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის პრაქტიკა, ESMA-ს სახელმძღვანელო მითითებები ფინანსური ინფორმაციის შესაბამის ანგარიშგების ჩარჩოსთან შესაბამისობის შემოწმებისა და ფინანსური შესრულების ალტერნატიული საზომების შესახებ. ამავე დროს ექსპერტებმა ისაუბრეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფინანსური ინფორმაციის ზედამხედველობაზე, ევროპული ერთიანი ელექტრონული ფორმატის (ESEF) დანერგვასა და სხვა თემებზე.

სემინარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის კანონმდებლობის, კერძოდ, გამჭვირვალობის დირექტივის, და კორპორაციული ანგარიშგების მოთხოვნებთან დაკავშირებული შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის განხილვას. მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სავარჯიშოების განხორციელებაც, მაგალითად, დიდ ოთხეულში შემავალი აუდიტორული ფირმების მიერ გამოცემული საკონტროლო ცხრილების, როგორც ფინანსური ანგარიშგებების ფასს სტანდარტებთან შესაბამისად მომზადების შესამოწმებლად გამოსაყენებელი სახელმძღვანელოს ანალიზი. სემინარზე მათ შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ბერძენი კოლეგებისთვის, ისე ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. 

სემინარს სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს 15-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. წარმოდგენილ უწყებებს შორის იყო ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

   

შედეგი

სემინარის დასასრულს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ საკმარისი ცოდნა, ინსტრუმენტები და დამხმარე დოკუმენტები იმისთვის, რომ მოკლევადიან ექსპერტებთან ერთად ჩამოეყალიბებინათ მეთოდოლოგია ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვისთვის.