სემინარი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენებაზე

თარიღი: 
26-28 თებერვალი 2020
 

      

აღწერა

2019 წელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური გახდა ანგარიშვალდებულ პირთა ორი ჯგუფის - საქართველოში რეგისტრირებული სერტიფიცირებული ბუღალტრების და აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანო. 

ახალი უფლებამოსილების შესრულებაში ზედამხედველობის სამსახურის მხარდასაჭერად, პროექტის ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი სემინარი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის გამოყენების საკითხს მიეძღვნა. 

სემინარის პირველ დღეს საბერძნეთის საჯარო უწყებებიდან მოწვეულ სპეციალისტებსა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის აქტიური მსჯელობა წარიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული რისკების შეფასება, რომელიც მიმართულია საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენასა და სათანადოდ შეფასებაზე, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია რისკების შემცირებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლობა ანგარიშვალდებულ პირებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო კომპეტენტურ უწყებებთან, ზედამხედველობის განხორციელების პროცესში რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების უპირატესობები, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და სხვ.

მეორე დღეს ბერძენმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს მოხსენება FATF-ის 2019 წლის ურთიერთშეფასების ანგარიშზე, რომელშიც გამოკვეთეს საბერძნეთში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ძლიერი და სუსტი მხარეები ფინანსური სისტემის დაცვის ეფექტურობის თვალსაზრისით. ექსპერტებმა ისაუბრეს აუდიტორების და სერტიფიცირებული ბუღალტრების ზედამხედველობის პროცესში ორი საზედამხედველო ორგანოს, საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოს (HAASOB) და საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოს (IAPR) მიერ გამოყენებული პროცედურების, ასევე მათ მიერ გამოცემული ტექნიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების შესახებ. ამავე დროს, ექსპერტებმა კოლეგებს გაუზიარეს ადგილზე განხორციელებული ინსპექტირებებიდან მიღებული გამოცდილება, მათ შორის შემთხვევების ანალიზის წარმოდგენის ფორმით, და მიაწოდეს მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი პოლიტიკის და პროცედურების შემდგომ დახვეწას.

 

შედეგი

ვიზიტის დასასრულს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და საქართველოს კანონში გამოვლენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით მოწვეულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების ნუსხა, რომელშიც შეთავაზებულია შემდეგი:

  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან (AML/CFT) დაკავშირებული ინსპექტირებები განხორციელდეს აუდიტის ხარისხის ინსპექტირებისგან განცალკევებით
  • გატარდეს ღონისძიებები ანგარიშვალდებულ პირთა ცნობიერების ასამაღლებლად (მაგალითად, მომზადდეს ადვილად გასაგები, ინფორმატიული სახელმძღვანელო მითითებები სერტიფიცირებული ბუღალტრებისთვის)
  • გამოიცეს ბრძანება, რომელიც დაავალდებულებს აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების გამწევ სუბიექტებს დანიშნონ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები, დანერგონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და პროცედურები, ასევე შეაგროვონ კლიენტთა ვინაობის დადგენისა და შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების გამწევ სუბიექტებს მიეწოდოთ ინფორმაცია საეჭვო ტრანზაქციების ტიპოლოგიების შესახებ
  • ინსპექტირებას დაქვემდებარებული სუბიექტების პრიორიტეტიზაციისთვის ჩამოყალიბდეს რისკების ანალიზის სისტემა, რასაც, ანგარიშვალდებულ პირთა შიდა მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, წინ უნდა უძღოდეს საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული საბაზისო მონაცემების წარდგენის ვალდებულების დაკისრება
  • უზრუნველყოფილ იქნეს სასწავლო კურსების ჩატარება ანგარიშვალდებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის
  • უზრუნველყოფილ იქნეს სასწავლო კურსების ჩატარება ზედამხედველობის სამსახურის პერსონალისთვის
  • პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის შემოწმების მიზნით გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან
  • გაძლიერდეს თანამშრომლობა ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან
  • დაინერგოს მონაცემთა უსაფრთხოების სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა
  • გაიზარდოს ფულის გათეთრების საკითხთან მიმართებით სათანადო გულისხმიერების პრინციპის დარღვევისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის ოდენობა
  • შეიქმნას ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და პოლიტიკური ფიგურების რეესტრები. ბენეფიარ მესაკუთრეთა რეესტრში დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს საგადასახადო მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) საკითხების განსახილველად ჩამოყალიბდეს კერძო სექტორის წარმომადგენელთაგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც არასაფინანსო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე კომპანიების და პროფესიების (DNFBP) რიცხვში შემავალი სუბიექტებით დაკომპლექტდება
  • ჩამოყალიბდეს სტატისტიკის წარმოების შიდა სისტემა
  • ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) განყოფილება, სადაც განთავსდება MONEYVAL-ის ტიპოლოგიები, სახელმძღვანელო მითითებები, მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, და ა.შ.
  • ყველა ანგარიშვალდებულ პირს მიეწოდოს ტერორიზმში მხილებულთა სია