რეგულირების ზეგავლენის შეფასება

თარიღი: 
თებერვალი-ივლისი 2020
 

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ძალისხმევა მიმართულია ფინანსური გამჭვირვალობის ზრდისა და ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენ საქართველოში ზედამხედველობის ევროპული მოდელის და ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით, რაც როგორც ორგანიზაციას, ისე საქართველოს დააყენებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დონეზე.

აღნიშნულ კონტექსტში, 2020 წლის თებერვალ-ივლისში, პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც ეხებოდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიღებული რეგულაციების, ასევე აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით მარეგულირებელ ჩარჩოში შესატანი შესაძლო ცვლილებების ზეგავლენის შეფასების საკითხებს.

გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ახალმა მარეგულირებელმა ჩარჩომ მნიშვნელოვნად გაზარდა ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა, აგრეთვე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაციის აღქმადობა და ფინანსური ინფორმაციის მიწოდების დროულობა. კვლევის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების თვისობრივი მახასიათებლები შეესაბამება გარე მომხმარებელთა მოთხოვნებს. ამასთან, გამოკითხულთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიღება მათ შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ ადგილობრივი ანგარიშგების საერთაშორისო ცნობადობა და, ასევე, გაზარდონ საკუთარი კომპანიების ღირებულება.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა მცირეოდენი უმრავლესობის აზრით, ანგარიშგების ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია დამატებითი ძალისხმევის და ხარჯების გარეშე, რეგულირების ზეგავლენის ზოგადი შეფასება მაინც დადებითი რჩება.

ამავდროულად, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ აუდიტის ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ხელს უწყობს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფას, ახალი აუდიტორული დასკვნა კი მკაფიოდ მიჯნავს აუდიტორის და კომპანიის მმართველი რგოლის როლსა და ვალდებულებებს.

გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინიციატივები არა მხოლოდ გადამწყვეტ როლს ასრულებს ანგარიშგების ახალი მოთხოვნების დანერგვასა და აღსრულებაში, არამედ გავლენას ახდენს აუდიტისა და ანგარიშგების ხარისხზე.

 

იხილეთ რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოცემულ ბმულზე