ვებინარი აუდიტის კომიტეტების შესახებ

2020 წლის 26 ნოემბერს, ევროკავშირის თვინინგის პროექტის „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებით გაიმართა ვებინარი სახელწოდებით "აუდიტის კომიტეტები: შემდგომი განვითარების პერსპექტივები".

ღონისძიება ორგანიზებული იყო აუდიტის კომიტეტების წევრებისა და არასაფინანსო სექტორის საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორებისთვის.

ვებინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და საქართველოში საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანოების მიერ გატარებული აღსრულების და რეგულირების ზომების კუთხით არსებული ტენდენციების მიმოხილვას, აგრეთვე იმ მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას, რომელსაც აუდიტის კომიტეტები ასრულებენ კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და, შესაბამისად, ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა უკეთ დაცვის ხელშეწყობაში.

ვებინარს უძღვებოდნენ მომხსენებლები საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB), საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიიდან (HCMC), საქართველოს ეროვნული ბანკიდან და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ბ-ნმა კობა გვენეტაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა იური დოლიძემ.

ვებინარზე HAASOB-ის თავმჯდომარის მოადგილემ ბ-ნმა პანაიოტის იანოპულოსმა ისაუბრა საბერძნეთში აუდიტის კომიტეტებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომუნიკაციის არსსა და სიხშირეზე, არსებულ საკომუნიკაციო არხებზე, ასევე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე აუდიტის კომიტეტებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით. აუდიტის კომიტეტის წევრმა ბ-ნმა კოსტას კოცილინისმა წარმოადგინა მოხსენება, სადაც ყურადღება გაამახვილა აუდიტის კომიტეტების ფუნქციონირების თავისებურებებზე საბერძნეთში.

ვებინარის მეორე ნაწილი დაეთმო ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, შესაბამისი ევროპული სტანდარტების განხილვას. ბ-ნმა ნიკოს პაპადიმოსმა, რომელიც საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიას წარმოადგენდა, მიმოიხილა ევროკავშირის გამჭვირვალობის დირექტივით გათვალისწინებული კონკრეტული მოთხოვნები საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებში გამჟღავნებული ინფორმაციის მიმართ.

მოხსენების ფარგლებში ბ-ნმა პაპადიმოსმა ასევე წარმოადგინა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების (ESMA) სახელმძღვანელო მითითებები ფინანსური ინფორმაციის ანგარიშგების სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების შესახებ, რის შემდეგაც მოიყვანა მაგალითები შემთხვევებისა, როდესაც HCMC-ის მიერ გამოვლენილ არსებით უზუსტობებს მოჰყვა სდპ-თა ფინანსური ანგარიშგებების გადაანგარიშება - პროცესი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა ანგარიშგების ყველა ეტაპზე აუდიტის კომიტეტების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.

საქართველოში მოქმედი სდპ-ების მიერ გასაჯაროებულ ფინანსურ ინფორმაციაში გარკვეული კანონზომიერებების გამოსაკვეთად ქ-ნმა ანა კვარაცხელიამ წარმოადგინა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის ძირითადი მიგნებები, ქ-ნმა სალომე სხირტლაძემ კი აქცენტი გააკეთა აღსრულების მექანიზმებზე, რომლებიც დანერგილია ეროვნულ ბანკში ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მოხსენებაში მან ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის თანამშრომლობაზე ზედამხედველობის სამსახურთან.

ვებინარის დასკვნით ნაწილში ბ-ნმა დავით მჭედლიძემ აუდიტორიას წარუდგინა ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული ანგარიშგებების განხილვის პრიორიტეტები 2021 წლისთვის.

 

ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაციების სანახავად ეწვიეთ ბმულს.