აუდიტორული პროფესია საბერძნეთში: აუდიტორთა გაერთიანების პრაქტიკული მაგალითი

Date:
30 ივნისი 2020
 

     

Description

30 ივნისს დისტანციური შეხვედრა გაიმართა საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საბერძნეთში აუდიტორული პროფესიის ფუნქციონირების თავისებურებების შესახებ და ამასთან დეტალურად გაცნობოდნენ 197 აუდიტორის ერთ წარმატებულ აუდიტორულ ფირმად გაერთიანების იშვიათ მაგალითს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა და საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოს (HAASOB) თავმჯდომარის მოადგილემ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა (ბაფ) და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის (საბფმფ) წარმომადგენლებმაც.

საბერძნეთის პროფესიული ორგანიზაცია SOEL-ის წარმომადგენელმა ბ-ნმა აპოსტოლოს პოლიზოსმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა საბერძნეთში აუდიტორული პროფესიის განვითარების განსხვავებული ეტაპები, დაწყებული 1957 წლიდან, და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა SOEL-ის დაარსებაზე 1993 წელს. ბ-ნმა პოლიზოსმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია SOEL-ის ორგანიზაციული სტრუქტურის, საბერძნეთში აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის დადგენილი ლიცენზირების მოთხოვნების, აუდიტორთა რეესტრისა და პრაქტიკანტ აუდიტორთა სპეციალური რეეესტრის, აუდიტორთა განგრძობითი განათლების მოთხოვნების, სდპ და არა-სდპ საწარმოთათვის სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების ხარისხის კონტროლისა და დღეისათვის საბერძნეთის აუდიტორულ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ.

ბ-ნმა დიმიტრიოს დრიცასმა, თავის მხრივ, წარადგინა მოხსენება 1993 წელს 197 აუდიტორის ნებაყოფლობითი გაერთიანების შედეგად სს SOL-ის ჩამოყალიბების თაობაზე. მან აღწერა მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც წინ უძღოდა გაერთიანებას, და ისაუბრა ამ გზით შექმნილი აუდიტორული ფირმის წესდების მნიშვნელოვან დებულებებზე. აუდიტორთა ერთ მსხვილ აუდიტორულ ფირმად შერწყმა შეფასებული იყო როგორც საბერძნეთის აუდიტორთა მცდელობა არა მხოლოდ გადარჩენისა მაღალკონკურენტულ ბაზარზე, არამედ საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებისა იმდენად, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, რეალური კონკურენცია გაეწიათ დიდ ოთხეულში შემავალი ფირმებისთვის. სს SOL-ის (მოგვიანებით SOL Crowe) ამგვარმა ძალისხმევამ უკიდურესად დადებითი შედეგი გამოიღო იმის გათვალისწინებით, რომ ფირმა ბოლო 25 წლის მანძილზე წამყვან პოზიციას ინარჩუნებს ბაზარზე.

ღონისძიება გაიმართა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, თვინინგის პროექტის ფარგლებში და წარმოადგენდა გასულ წელს საბერძნეთში პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტის დროს გაჩენილი ინიციატივის განხორციელებას.