ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაში დახმარების გაწევა

თარიღი: 
31 ივლისი 2020

 

 

აღწერა

ზედამხედველობის სამსახურის, როგორც აუდიტის საზედამხედველო ორგანოს, მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამსახურის მხარდაჭერის მიზნით, სამსახურისა და საბერძნეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ბერძენი სპეციალისტები გაეცნენ სამსახურის რეორგანიზაციის გეგმებს, რის შემდეგაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ევროკავშირში მოქმედი კაპიტალის ბაზრების მარეგულირებელი და საზედამხედველო ორგანოების - ევროკავშირის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანოს (ESMA), საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიის და სხვათა - სტრუქტურისა და დაფინანსების წესის შესახებ.

პარტნიორებმა ასევე წარმოადგინეს საბერძნეთის ბიზნეს რეესტრის სტრუქტურის მონახაზი იმ საშემოსავლო სქემასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს რეესტრის მდგრადობას. 

გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები სამსახურის პოტენციური შემოსავლის წყაროების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, საბერძნეთსა და მთლიანად ევროპაში გავრცელებულ პრაქტიკასა და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამ კონტექსტში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის რამდენიმე დებულებაც, რომელიც ითვალისწინებს კომპანიების მიერ კონკრეტული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გასაჯაროებას, მათ შორის ელექტრონული ფორმით, და აგრეთვე იმსჯელეს ბიზნეს რეესტრების მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემისთვის დაწესებულ გადასახდელზე.

ამასთან, სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიის, HAASOB-ის, სახელმწიფო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოსა და საბერძნეთის ბიზნეს რეესტრის წარმომადგენლებისგან, განმარტა, თუ როგორ არის მოწყობილი აუდიტის საზედამხედველო ორგანოები, რომლებიც ფუნქციონირებს ევროპაში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და იტალიაში, ორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით, და მოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით რიგი წინადადებები და დაფინანსების ალტერნატიული გზები წარუდგინა განსახილველად ზედამხედველობის სამსახურს.

 

შედეგი

ზედამხედველობის სამსახურისთვის გაზიარებული იქნა პრეზენტაციები, სადაც მიმოხილულია კაპიტალის ბაზრების ზედამხედველობისა და რეგულირებისთვის პასუხისმგებელ ორგანოთა, ასევე აუდიტის პროფესიის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელ ორგანოთა სტრუქტურები, საბერძნეთის ბიზნეს რეესტრის (GEMI) ორგანიზაციული სტრუქტურა და საშემოსავლო სისტემა, და კორპორატიული სამართლის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებული ევროკავშირის დირექტივის კონკრეტული დებულებები.