დასკვნითი ღონისძიება

2020 წლის 18 დეკემბერს, თვინინგის პროექტის “ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში” ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოს (HAASOB) შორის ორწლიანი თანამშრომლობის დასრულების აღსანიშნავად დისტანციურ რეჟიმში პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმნენ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე აპოსტოლოს ვეზიროპულოსი, საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი და საერთაშორისო და ევროპის ეკონომიკური სამართლის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ქრისტინა დელიანი-დიმიტრაკუ.

ღონისძიების მიზანს იმ ძირითადი შედეგების მიმოხილვა წარმოადგენდა, რომელთაც საქართველოში ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობისკენ მიმართულმა პროექტმა საქართველოსა და საბერძნეთის შესაბამისი საჯარო უწყებების სპეციალისტთა ერთიანი ძალისხმევით მიაღწია.

ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირს ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერისა და ამ გზით ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ხაზი გაუსვა ბოლო ოთხი წლის მანძილზე კორპორაციული ანგარიშგების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ თავისი მასშტაბითა და კომპლექსურობით გამორჩეული ანგარიშგების და აუდიტის რეფორმა არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისთვის.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ფინანსური გამჭვირვალობის ასამაღლებლად განხორციელებული ძალისხმევა. მან ასევე გამოკვეთა ფინანსური ინფორმაციის რაოდენობისა და ხარისხის ზრდის მნიშვნელობა იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეულ იქნეს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.

საბერძნეთის ელჩმა, ბატონმა კარაბალისმა ზედამხედველობის სამსახურს, HAASOB-სა და პროექტში ჩართულ სხვა საჯარო უწყებებს მიულოცა მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განხორციელება და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც ბატონმა გერმანმა განაცხადა, ევროკავშირს მიაჩნია, რომ აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფერო წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გაჯანსაღების პროცესში ხელშესახები წვლილის შეტანა შეუძლია. ბატონმა გერმანმა გამოხატა რწმენა, რომ პროექტის მიერ შესრულებული სამუშაო მომავალშიც განაგრძობს ნაყოფიერი შედეგების მოტანას.

დავით ბუჯიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია, მათ შორის ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაცია, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მხრივ საბერძნეთის რესპუბლიკა მან საქართველოს ერთ-ერთ წამყვან პარტნიორად და მხარდამჭერად მოიხსენია.

პროფესორმა დელიანი-დიმიტრაკუმ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა ადგილობრივი და ბერძენი ექსპერტების მიმართ, რომლებმაც ყველა პრაქტიკული სირთულის მიუხედავად, რომელთა გადალახვაც წელს მოუწიათ, შეძლეს “შესანიშნავი თანამშრომლობის შენარჩუნება, რაც პროექტის საბოლოო შედეგების ხარისხზეც აისახა.”

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და შედეგების მოკლე შეჯამება წარმოადგინა HAASOB-ის თავმჯდომარის მოადგილემ და პროექტის ხელმძღვანელმა პანაიოტის იანოპულოსმა. მასთან ერთად მოხსენებებით წარდგნენ საბერძნეთის საჯარო უწყებების, მათ შორის, საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიისა და საბერძნეთის ბიზნეს რეესტრის წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა ისაუბრეს პროგრესზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით იქნა მიღწეული. აღნიშნული მოიცავდა სამსახურისთვის დახმარების გაწევას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის, აუდიტის ხარისხის ინსპექტირების ერთობლივად განხორციელების, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზებისა და სხვა მიმართულებებით (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პრეზენტაცია).

საქართელოს მხრიდან პროექტის ხელძღვანელმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირსა თუ საჯარო უწყებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა პროექტის წარმატებით განხორციელება და, ამასთან, აღნიშნა, რომ ექსპერტების მიერ გაზიარებული რეკომენდაციები, სახელმძღვანელო მითითებები და საუკეთესო პრაქტიკა მნიშვნელოვნად დაეხმარება სამსახურს ეფექტური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

ღონისძიება დასასრულს პროექტის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ზედამხედველობის სამსახურსა და HAASOB-ს შორის იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ყოფილ პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს, პროექტის ფარგლებს მიღმაც განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა.