„ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფინანსური გამჭვირვალობის ამაღლებასა და ეფექტიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობას 2020 წლისთვის სანდო და გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემების დანერგვით.

პროექტის საქმიანობა ორ ძირითად ამოცანას ემსახურება და მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკისა და აუდიტორული მომსახურების ხარისხის შემდგომი მდგრადი გაუმჯობესება.

პირველ ამოცანას წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულფასოვანი დაახლოება ევროკავშირის წესებსა და სტანდარტებთან, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად. 

მეორე ამოცანა შეეხება პროექტის მთავარი ბენეფიციარის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რაც გამოიხატება ზედამხედველობის სამსახურის გაზრდილ შესაძლებლობაში უზრუნველყოს კორპორაციული ანგარიშგების მოთხოვნების აღსრულება, აუდიტის ხარისხის კონტროლის მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება, შესაბამისი ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების გამოყენება, და სათანადო პროცედურების განხორციელება პროფესიული ორგანიზაციების სასერტიფიკაციო პროგრამების და საგამოცდო პროცესების აღიარებისა და მონიტორინგისთვის.

აღნიშნული ამოცანების მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განსაზღვრული აქტივობების განხორციელება, მათ შორის დარგის ექსპერტთა სამუშაო ვიზიტების, ტრენინგების, სემინარებისა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, რაც პარტნიორ უწყებას და მოწვეულ ექსპერტებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ქართველ სპეციალისტებს საუკეთესო გამოცდილება და გადასცენ ის ექსპერტული ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე საბერძნეთის საჯარო სექტორში მუშაობის შედეგად დაუგროვდათ.      

თვინინგის პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 1 250 000 ევროს ოდენობით.